logo
ENG



"შიდა საქმე", "არაფერი განსაკუთრებული" - როგორ აფასებენ პრიგოჟინის აჯანყებას ოცნებაში

25 ივნ 202311:42
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი გუნდის ლიდერები, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე გასული ორი დღის განმავლობაში რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე ამბობენ, რომ იქ "არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა". მსგავსი განცხადება ჟურნალისტებთან ჯერ ირაკლი კობახიძემ გააკეთა, ხოლო მოგვიანებით, კახა კალაძემ.

"რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გვაქვს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ურთიერთობები ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. თუ რამე კომუნიკაცია შეიძლება შედგეს, ამისთვის არის ერთადერთი არხი, ეს არის მთავრობის სპეც. წარმომადგენლის არხი, ამის იქით არხები არ არსებობს [...] გუშინ არ ხდებოდა არაფერი განსაკუთრებული, იყო რუსეთის შიდა საქმე, რაც ხდებოდა გუშინ, ჩვენ რა კომუნიკაცია უნდა გვქონოდა ამასთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.

კალაძეც ამბობს, რომ რუსეთში მომხდარი "არაფერი განსაკუთრებული" არ ყოფილა, შესაბამისად, მისი აზრით, უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საჭიროებაც არ იდგა. თბილისის მერის თქმით, როცა "რაღაც განსაკუთრებული ხდება" და საჭიროება იქნება, საბჭოს მოიწვევენ.

"არანაირი ამის საჭიროება არ არსებობდა, როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხდება და რა თქმა უნდა, იქნება საჭიროება უშიშროების საბჭოს მოწვევის, რა თქმა უნდა, ამის გადაწყვეტილება იქნება მიღებული და პრეზიდენტისთვისაც იქნება ცნობილი [...] გუშინდელ დღეს რაც შეეხება, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდებოდა, ეს იყო რუსეთის შიდა საქმე, შიდა პრობლემები, რაც შემდეგ, მოგვიანებით, კიდევ უფრო დადასტურდა და განცხადებები, რაც კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში მიზანმიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა კალაძემ.

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშუალა. მან თქვა, რომ ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლი იყო და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

თუმცა გუშინ, 24 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთში აჯანყება შეაჩერა და ძალების უკან, საველე ბანაკებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მოგვიანებით კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, ხოლო ის ბელარუსში გაემგზავრება.


close დახურვა